"მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ციხეში "სიკვდილის პირასაა" - ამ სათაურით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ გავლენიანი გამოცემა The Times-ი სტატიას აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას ორი ვადით ხელმძღვანელობდა, ციხეში სავარაუდო მოწამვლის შემდეგ წონის მკვეთრ ვარდნას განიცდის.
სტატიაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე და აღნიშნულია, რომ ის ქვეყანაში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, "ოპოზიციის გაძლიერების მცდელობის მიზნით" ჩამოვიდა.
"ვიყავი 120 კილოგრამი [დაპატიმრებამდე], ახლა კი 64 ვარ. თუ მე ჩამოვცდები 60-კილოგრამს, ექიმები პროგნოზირებენ მრავლობითი ორგანოს უკმარისობას" - ციტირებს გამოცემა ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუს Sky News-თან.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ცენტრ ემპათიის მიერ მომზადებული დასკვნისა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის რეკომენდაციაა გაცემული, ხელისუფლება უარს აცხადებს მის ტრანსპორტირებაზე.
The Times-ს მოყვანილი აქვს საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების განცხადებები, სადაც ისინი მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.